Nene Giorgadze  > Blog
პატრიოტიზმი
        პატრიოტიზმი - სიყვარულის განსაკუთრებული ნიჭი მგონია, როცა გიყვარს არა მხოლოდ ის, რაც შენი "კერძო საკუთრებაა" (როგორიცაა, მაგალითად, შვილი, მშობელი, მეუღლე და ა.შ.) არამედ გიყვარს ის, რაც ყველასია (ამ შემთხვევაში ყველა თანამემამულესი). პირველი, რაც ჩემი დაკვირვებით, ქართველ ემიგრანტებს აერთიანებს, არის არა ენა, არა სარწმუნოება, არამედ - მამული, ილიას რომ დავესესხოთ... 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მიმართ არც ერთი ქართველი ემიგრანტი (და ასეთები ბლომად ვნახე) არ დარჩენილა გულგრილი, ყველა ძალიან განიცდიდა, ზოგი - უხმოდ და ზოგიც - ხმაურიანად, ზოგი - ქართული დროშებით ხელში და ზოგიც - წნევის აპარატით...

        ამას წინათ, ერთ ქართულ ოჯახში ვიყავი და ვსაუბრობდით იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა და რა გაფუჭდა ბოლო პერიოდის საქართველოში... პასუხი ასეთი მივიღე: თბილისი ძალიან მოვლილია, ბევრი რამ გაკეთდა და ბრმა უნდა იყო, ეს რომ ვერ დაინახოო... აქ უნდა დავეთანხმო ჩემს თანამემამულეს. ყოველ წელიწადს ვახერხებ თბილისში ჩასვლას და ეს ნამდვილად თვალში საცემი ფაქტია... მაგრამ, აქვე ვიკითხავ: თბილისიდან რომ გავიდეთ სადმე ახლო-მახლო სოფელში?... თბილისიდან ხომ არ იწყება და მთავრდება ეს ქვეყანა? რა ბედი ეწია სამაჩაბლოს, გორის რაიონის სოფლებს, (თუნდაც აფხაზეთს) და იქ მცხოვრებ ადამიანებს განურჩევლად ეროვნებისა, ენისა და აღმსარებლობისა? არის თუ არა ეს "მოვლა" თუ ნაცრის თვალებში შეყრა? არის თუ არა ეს პატრიოტიზმი, როცა გიყვარს არა მხოლოდ ის, რაც "შენია", (ამ შემთხვევაში, კონკრეტული ქალაქი) არამედ გიყვარს ის, რაც ყველასია, ყველა თანამემამულესი?

        და საერთოდ, რა არის პატრიოტიზმი? ტერიტორიის სიყვარული? (ზემოთ მოყვანილ მაგალითში, - კონკრეტული ქალაქის?). თუ ასეა, სად მთავრდება ეს ტერიტორია, ერთი კილომეტრის "იქით" აღარ არის სამშობლო?.. და თუკი პატრიოტიზმი იდეაა, რა კომპონენტებისგანაა იგი შემდგარი? მე ჩემს სიას შევქმნი, სხვამ - თავისი შექმნას და, ყველა ამ სიათა ერთობლიობა (და სივრცე მის იქითაც) იქნება ალბათ ეს განსაკუთრებული ნიჭი სიყვარულის...

        ახლა კი ჩემი სია:

        1. იმთავითვე უნდა ვაღიარო, რომ პირადად ჩემთვის პატრიოტიზმი "კერძო საკუთრების" განსაკუთრებული ფორმაა. აქ, შორეული ამერიკის კონტინენტზე, გულგრილი ვერ ვრჩები არათუ მნიშვნელოვანი მოვლენების მიმართ, რაც საქართველოში ხდება, არამედ, მაგალითად, ისეთი ფაქტის მიმართ, როგორიცაა პარკინგის თემა თბილისში, რომ აღარაფერი ვთქვათ სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც უხვადაა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, თუ ადამიანთა უფლებების უხეშ დარღვევებზე... ამ ფონზე, მშვიდად ვუსმენ, თუ როგორ გადმოსცემენ ნიუსები ავღანეთში ანდა ისრაელში მორიგი აფეთქებისა და მსხვერპლის შესახებ... დასკვნა: ტერიტორია - პატრიოტიზმის შემადგენელი ნაწილია.

        2. არაერთხელ "დამიჭერია" საკუთარი თავი იმაში, რომ თუკი ჩემი კლიენტი ქართველია, მეტ ყურადღებას ვაქცევ და ვცდილობ, უფრო მეტად დავიხარჯო მისთვის, ვიდრე, მაგალითად, ამერიკელისათვის. ამაში, რბილად რომ ვთქვათ, დიდი პატრიოტიზმი არ ჩანს, მაგრამ მეტ მაგალითსაც მოვიყვან: როცა ოლიმპიადაზე ან რაიმე ფესტივალზე თუ კონკურსში ქართველი იმარჯვებს, გული სიამაყით მევსება; როცა ვიგებ, რომ რომელიმე სფეროში ქართველები წარმატებას აღწევენ, მიხარია... დასკვნა: ეროვნება - პატრიოტიზმის შემადგენელი ნაწილია.

        3. როცა აშშ-ში პირველად ჩამოვედი, არავის ვიცნობდი. ნიუ იორკის აეროპორტიდან ვაშინგტონის მიმართულებით თვითმფრინავი რამდენიმე საათის დაგვიანებით გაფრინდა. ვნერვიულობდი, რადგან ჯუნი უნდა დამხვედროდა, - ქალბატონი, რომელთანაც სტუდენტს, რომელსაც ნასესხები $400 ედო ჯიბეში, ერთი თვით უნდა ეცხოვრა. მერე, ჩემი გზა უნდა მეპოვნა... კარგა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც აქაური ქართველები გავიცანი. მახსოვს, როდესაც პირველად ქართული საუბარი გავიგე, გული ამიჩქროლდა და მოსაუბრეებს უმალ კითხვები უხვად დავაყარე... მაშინ ინტერნეტი კი არა, საქართველოში დენი გრაფიკით იყო... ტელეფონით საუბარი კი უფულო სტუდენტისათვის ძვირი იყო... მენატრებოდა ქართული ენა, ათასი სისულელე შემეძლო მეთქვა, ოღონდ ქართულად მელაპარაკა... ჰოდა, არ ვუშვებდი ხელიდან ასეთ შემთხვევებს... (ახლა, მრავალი წლის მერე, გამარჯობით შემოვიფარგლები უმეტეს შემთხვევაში)... თუ მშობლიური ენის სიყვარული სამშობლოს სიყვარულსაც უკავშირდება, მაშინ - დასკვნა: ენა - პატრიოტიზმის შემადგენელი ნაწილია.

        ჩემი სია სამ-ნაწილიანი გამოვიდა: ტერიტორია, ეროვნება, ენა. სამივე კომპონენტი, პერსონალურად თუ გლობალურად, მაინც "კერძო საკუთრებაა" კონკრეტული ერის და კონკრეტული ადამიანის... რა თქმა უნდა, პატრიოტიზმი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება (ამიტომაც, ამ პატარ-პატარა დასკვნებში მიწერია "შემადგენელი ნაწილი" ანუ ერთ-ერთი მთელიდან) და მას წინ უძღვის ის განსაკუთრებული სიყვარულის უნარი, რაც დასაწყისშივე აღვნიშნე... მინდა დავამატო, რომ ხანგრძლივი ემიგრაცია ამ გრძნობას ამძაფრებს, მტკივნეულს ხდის და მას ნოსტალგიით ამდიდრებს... ხოლო პატრიოტიზმზე მაღლა მდგომი კი ალბათ ისეთი სიყვარულია, რომელიც პატრიოტიზმის არც ერთ (სხვა) კომპონენტზე თუ მათ ერთობლიობაზე არ იქნება მიბმული, და ამასთანავე, არც ერთს არ გამორიცხავს... ამდენად, მას არა "კერძო საკუთრებად", არამედ "უნივერსალურ საკუთრებად" მოვიხსენიებდი...

დეკემბერი, 2009
Comments